ევროკავშირი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებისას 100-ზე მეტი პალესტინელის დაღუპვის საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

03 მარტი 2024, 10:30 435 ნახვა

ევროკავშირი ღაზის სექტორში, ჰუმანიტარული ტვირთის დარიგებისას, 100-ზე მეტი პალესტინელის დაღუპვის საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის თქმით, გამოძიება ნათელს მოჰფენს მომხდარის დეტალებს.

ბორელმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო სამხედრო ოპერაციას ისრაელი ატარებს და ამიტომ საერთაშორისო ნორმების და ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

„ამ ინციდენტის გამო პასუხისმგებლობის ტვირთი ეკისრება იმ შეზღუდვებს, რომლებიც ისრაელის არმიამ დააწესა და ექსტრემისტების მიერ დახმარების მიწოდებაში შექმნილ დაბრკოლებებს“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

 

მისივე თქმით, დაუსრულებელი სამხედრო მოქმედებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების იგნორირება სრულ ქაოსს გამოიწვევს, რაც ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას შეუძლებელს გახდის.

ბორელმა დაგმო „ჰამასის“ თავდასხმები ისრაელზე და „ჰამასის“ მებრძოლების მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლება მოითხოვა. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს ისრაელისა და „ჰამასის“ მოლაპარაკებების მონაწილეთა ძალისხმევას.

ბორელმა ისრაელს მოუწოდა, ითანამშრომლოს გაერო-სთან და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან, რათა ღაზაში დახმარების დარიგება დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ მოხდეს.

29 თებერვალს, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანისას 112 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა. მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობი რჩება. „ჰამასი“ ისრაელის არმიას პალესტინელების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, რასაც ისრაელი უარყოფს.

ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ მომხდარს გამოიძიებენ და დეტალებს საზოგადოებას წარუდგენენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში