იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პირად დოკუმენტებში მითითებული დაბადების თარიღი დაბადების აქტების ჩანაწერებისა და დაბადების მოწმობების თარიღისგან განსხვავდება, სპეციალური კანონი ამოქმედდება

04 მარტი 2024, 18:02 647 ნახვა

საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პირადობის მოწმობებსა და პასპორტებში მითითებული დაბადების თარიღი მათივე დაბადების აქტების ჩანაწერებში და დაბადების მოწმობებში მითითებული დაბადების თარიღისგან განსხვავდება, პარლამენტი სპეციალურ კანონს მიიღებს.

შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილავს.

კანონში შემდეგი ნორმის დამატება მოხდება – თუ 2024 წლის პირველ მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან, 2024 წლის პირველი მაისის შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობასა და საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც 2024 წლის პირველ მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული. ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში მიეთითება, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის ზემოხსენებულ ახალ მოწმობაზე ან საქართველოს მოქალაქის ახალ პასპორტზე დატანილი ჩანაწერი (დაბადების თარიღი) არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის გაუქმების საფუძველი.

„დღეს-დღეობით საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი, მრავალი წელია საქართველოს მოქალაქის პირადობის ისეთ მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის ისეთ პასპორტს ფლობს, რომელში მითითებული დაბადების თარიღიც მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან განსხვავდება, რაც ამ პირთა პირადობის მოწმობების გაუქმების საფუძველია და მათი პასპორტების ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს“, – აღნიშნულია პროექტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში