"არა გამოსახლებას"- ქობულეთში, იპოთეკური და საბანკო დავალიანების შედეგად დაზარალებული ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ

05 მარტი 2024, 12:06 773 ნახვა

"არა გამოსახლებას"- ქობულეთში, იპოთეკური და საბანკო დავალიანების შედეგად დაზარალებული ოჯახები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა თამარ მეფის ქუჩიდან დაიწყეს და აღმაშენებლის ქუჩისკენ მიემართებიან.

დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონებიდან  იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობაც შეურთდა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა კანონში შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს საბანკო-საფინანსო პოლიტიკა. ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას კი გამოსახლების პროცესის შეჩერება წარმოადგენს.

აქციის მონაწილეები, თვითმმართველ ორგანოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას  თხოვენ, რომ შეიცვალოს საბანკო-საფინანსო პოლიტიკა და შეჩერდეს გამოსახლებები.

დღეს, თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრები ბეჟანიძეების ოჯახი გამოსახლების მოლოდინში იყო, როგორც ამბობენ მათი გამოსახლება გაურკვეველი ვადით გადაიდო. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ პროცესის გადადება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

ქობულეთში იპოთეკით და საბანკო დავალიანებების შედეგად დაზარალებული  300-მდე ოჯახი ირიცხება.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში