ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ეს არის დროშა, რომლითაც ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ, არასდროს ავწევთ სხვა დროშებს - დმიტრო კულება 

10 მარტი 2024, 20:53 400 ნახვა

ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ეს არის დროშა, რომლითაც ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რომის პაპის განცხადებას, „თეთრი დროშის გამბედაობისა“ და რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინელები არასდროს აწევენ სხვა დროშებს.

„ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაში სიკეთის მხარეს დგას და არ ცდილობს მათ ერთსა და იმავე სიბრტყეზე დაყენებას "მოლაპარაკება" უწოდოს”, - წერს კულება.

 

კულება მოუწოდებს ყველას, წარსულის შეცდომებს თავი აარიდონ და მხარი დაუჭირონ უკრაინას და მის ხალხს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რომის პაპს მადლობას უხდის მშვიდობისთვის ლოცვისთვის და იმედოვნებს, რომ პაპი იპოვის შესაძლებლობას და ეწვევა უკრაინას.

შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.

მოგვიანებით, რომის პაპის განცხადებასთან დაკავშირებით, ვატიკანში განმარტება გააკეთეს, რომლის მიხედვითც, პაპი არა კაპიტულაციას, არამედ იმას გულისხმობდა, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს და მოლაპარაკებები განახლდეს.

„პაპი იყენებს ტერმინს „თეთრი დროშა“ ინტერვიუერის საპასუხოდ, რაშიც ის გულისხმობდა ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობას. პაპმა მკაფიოდ თქვა, რომ მოლაპარაკებები არასდროს ნიშნავს დანებებას“, – ამბობს ვატიკანის პრესმდივანი, მატეო ბრუნი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში