ნაფიცმა მსაჯულებმა როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს - სასამართლომ მათ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

13 მარტი 2024, 10:03 685 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებული ორი პირის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ალი ბალაძე დამნაშავედ ცნეს შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებაში, ყოფილი სპეცრაზმელი მამუკა ბერიძე კი, შავაძის უკანონო დაკავებაში და ჯგუფურად მკვლელობაში.

სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახით 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მათი სასჯელის ათვლა 2023 წლის 27 ივლისიდან დაიწყება.

კერძოდ, ალი ბალაძე დამნაშავედ ცნეს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბე და გე ქვეპუნქტებით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობას, იარაღის გამოყენებას და შეურაცხყოფას გულისხმობს. ასევე, 25, 147-ე მუხლის მესამე ნაწილით – განზრახ უკანონო დაკავების ორგანიზება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. 25/109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბე ქვეპუნქტით, განზრახ მკვლელობის ორგანიზება, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. 109-ე მუხლით მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

მამუკა ბერიძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს 333-ე მუხლის მესამე ნაწილის გე ქვეპუნქტით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, ძალადობა და იარაღის გამოყენება, ასევე, 147-ე მუხლის მესამე ნაწილით, განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბე და ე ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ მკვლელობას და ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

შავაძის საქმეზე დაკავებულების მიმართ ეს პირველი განაჩენია. 12 ბრალდებულიდან ნაფიცი მსაჯულები ორმა აირჩია. დანარჩენების საქმეს მოსამართლე არსებითად იხილავს, ნაწილის საქმე კი, სასამართლოს არ გადასცემია და წინასწარ გამოძიებაშია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში