საქართველოს ავიაბაზარზე ფრენებს ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, AJET-ი და Transavia იწყებს

13 მარტი 2024, 11:25 524 ნახვა

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ორი ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia და AJET იწყებს. ფრენები 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან შესრულდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიდერლადების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით განახორციელებს, ხოლო თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AJET რეგულარულ რეისებს სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

"ავიაკომპანია Transavia-ს მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისები 2024 წლის 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

რაც შეეხება ავიაკომპანია AJET-ს, ის სტამბოლი- თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენებს 2024 წლის 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად განახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანია Transavia-სა და AJET-ს საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები 2024 წლის 12 მარტს მიანიჭა"- აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში