საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75 პროცენტით, 8.25 პროცენტამდე შეამცირა

13 მარტი 2024, 12:22 446 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

როგორც სებ-ში აღნიშნავენ, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა.

როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს, მათი სიმწვავე შერბილებულია.

„ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ რისკად წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო საერთაშორისო ტრანსპორტირების გაძვირებაა. დაძაბულობა ამ რეგიონში კვლავ ნარჩუნდება, თუმცა დეკემბერსა და იანვარში მკვეთრი ზრდის შემდეგ, თებერვლის განმავლობაში ტრანსპორტირების ფასებმა მცირედით მოიკლო. ამასთანავე, როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად პოტენციურ ტრენდს უბრუნდება. იანვარში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებაზე მიუთითებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური ზრდა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება.

აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობაში განხილვისა და ამ ეტაპზე არსებული ტენდენციების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.75 პპ-ით, 8.25 პროცენტამდე ამცირებს. ინფლაციის მოლოდინებსა და საგარეო რისკებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ თუ გამოიკვეთა, სხვა თანაბარ პირობებში, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – აცხადებენ სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში