სოფელ ბალდაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოვლინდა

13 მარტი 2024, 15:28 564 ნახვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში დიდი ოდენობით მრგვალი მორის უკანონო ჭრა-ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ ბალდის მკვიდრი გ.წ. სატვირთო ავტომანქანით 22 ერთეული სხვადასხვა სახეობის მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა.

"მოქალაქე არ დაემორჩილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას მანქანის შეჩერების თაობაზე და მორები მანქანიდან გადმოყარა. შესაბამისად, სამართალწარმოება, უფლებამოსილი პირების მიმართ დაუმორჩილებლობის ფაქტზეც დაიწყო.

„უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მსგავსი შემთხვევის მიმართ, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება სამართალდამრღვევების მხრიდან დაუმორჩილებლობის ფაქტს ჩვენი მიდგომა იქნება მკაცრი და პრინციპული“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

ავტოსატრასპორტო საშუალება, უკანონო ხე-ტყის დატვირთვის ადგილას განთავსებული 14 ერთეული და ტრანსპორტირების შემდგომ მიტოვებული/გადმოყრილი 22 ერთეული მურყნის (თხმელა), წიფლისა და ნეკერჩხლის დაუფირნიშებელი მრგვალი მორი დაილუქა.

საქმეზე გრძელდება ადმინისტრაციული საქმისწარმოება, გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შემდგომ, საქმის მასალები გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში"- აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში