გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

17 მარტი 2024, 11:32 450 ნახვა

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში გადატარებული ღონისძიებების შედეგად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 ერთეული ცირკული და 1 ერთეული ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.

მათივე ცნობით, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს. 2 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 1 ერთეული სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში, ხოლო, ბოლნისში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში, 1 ერთეული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და მათზე განთავსებული, ჯამში, 27 ერთეული მორი და 3 კუბურ მეტრზე მეტი ფიცარი დაილუქა. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებით კანონით დადგენილი ღონისძიებების გატარებას. წელს, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 51 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა. დეპარტამენტის ეკიპაჟები 24 საათიან კონტროლს ახორციელებენ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ტყეზე ზეწოლა და ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნება დაცული და შენარჩუნებული იყოს“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში