მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე ბრალდებით 11 ადამიანი დააკავეს

23 მარტი 2024, 12:49 589 ნახვა

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, სავარაუდოდ, ოთხი ტერორისტია.

რუსულ მედიაში ვრცელდება ოთხი ეჭვმიტანილის ვინაობა. ისინი, სავარაუდოდ, ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

ამასთან, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. დაშავებულია 121 ადამიანი.

ტელეგრამ არხებზე ვრცელდება დაკავებული პიროვნების კადრები, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილეა.  რუსული მედია, უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით, წერს, რომ დაკავებულებს "უკრაინულ მხარესთან შესაბამისი კონტაქტები ჰქონდათ". საკონცერტო დარბაზში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი გვიან ღამით შეიჭრა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. აღიარების მიუხედავად, ეჭვები გაქარწყლებული საბოლოოდ მაინც არ არის.

რუსეთის მხრიდან გაკეთებული ბრალდებების ადრესატი ნაწილობრივ უკრაინაც არის, თუმცა თავად უკრაინა ბრალდებებს უარყოფს.

ამასთან მოსკოვი ადასტურებს, რომ ვაშინგტონმა მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფაქტი ტერაქტად შეაფასა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში