სიტყვებით შეუძლებელია ამ ბედნიერებისა და სიამაყის განცდის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა - პრემიერი

27 მარტი 2024, 14:09 460 ნახვა

დღეს გვაქვს განსაკუთრებული, ემოციური დღე და, შესაბამისად, განსაკუთრებული სხდომა. მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი ისტორიული გამარჯვება, ისტორიული წარმატება. ყველას - ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს და, რაც მთავარია ჩვენს ფეხბურთელებს ვულოცავ ამ გამარჯვებას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, გუშინდელმა გამარჯვებამ მთელი ქვეყანა გააერთიანა.

"გუშინ ნამდვილად დაიწერა ისტორია, თამამად შეიძლება ითქვას. 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე ჩვენ პირველად მოვახერხეთ და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე - ევროპის ჩემპიონატზე, რაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიამაყის საგანია. სიტყვებით შეუძლებელია ამ ბედნიერებისა და სიამაყის განცდის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა და რამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა. მადლობა ისევ და ისევ ფეხბურთელებს, ჩვენი ეროვნული ნაკრებს წევრებს, რომლებმაც სული და გული ჩადეს გუშინდელ გამარჯვებაში, ასევე სამწვრთნელო შტაბს ვილი სანიოლის, ჩვენი საამაყო ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, ვიცე-პრეზიდენტებს, თითოეულ მათგანს. წლების მანძილზე იქმნებოდა ის წარმატება, რასაც ჩვენ საბოლოო ჯამში გუშინ მივაღწიეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღირსების ორდენზე წარდგენილები იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც მატჩისთვის იყვნენ გამოძახებულები, ასევე სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაცია.

„დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგან ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე და ფედერაციის ხელმძღვანელობა. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები. ეს არის ერთგვარი მინიმალური დაფასება, რომელიც შეიძლება, მიიღონ ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას. წინ გველოდება კიდევ დიდი წარმატებები. ევროპის ჩემპიონატზე ვუსურვებ წარმატებებს ჩვენს ნაკრებს“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში