სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქვეყნის ეკონომიკის ნდობის მიმართულებით - დავითაშვილი

27 მარტი 2024, 15:23 370 ნახვა

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი მსხვილი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოდან, ფაქტობრივად, ყველამ შეუნარჩუნა უცვლელად საქართველოს რეიტინგი, იმ პირობებში, როდესაც მასიურად რეიტინგების გაუარესება მოხდა რეგიონში, გამომდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ქვეყნის ეკონომიკის ნდობის მიმართულებით.

„ინვესტორები ზუსტად ამ რეიტინგების მიხედვით ხელმძღვანელობენ თავიანთი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას, ზოგადად, ქვეყნის ობიექტური აღქმა დაკავშირებულია ამ რეიტინგებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამი მსხვილი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოდან, ფაქტობრივად, ყველამ შეუნარჩუნა უცვლელად საქართველოს რეიტინგი, იმ პირობებში, როდესაც მასიურად რეიტინგების გაუარესება მოხდა რეგიონში, გამომდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საინვესტიციო რეიტინგთან და, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური პარამეტრები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, ჩვენ მივაღწიოთ საბოლოოდ იმას, რომ მივიღოთ ეს საინვესტიციო ხარისხი და უფრო გაიაფდეს ფინანსური რესურსები საქართველოს ეკონომიკისთვის, საფინანსო სისტემისთვის და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, საბოლოოდ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ პროცესებს და ეკონომიკურ ზრდას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში