მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირები მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ - ოთარ შამუგია

27 მარტი 2024, 15:47 618 ნახვა

ახალი პროგრამა გულისხმობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ვისაც აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების თანადაფინანსებას. თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 70%-ს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა მაღალმთიანში მცხოვრებ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელებს, სახელმწიფო მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების შესყიდვაში დაეხმარება.

ოთარ შამუგიამ კიდევ ერთ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენის თანადაფინანსებას ეხება.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ წლებია ვეხმარებით ფერმერებს, მეწარმეებს ახალი, თანამედროვე ტექნიკის შეძენაში და სწორედ ამ წლების განმავლობაში, დაახლოებით, 440 მილიონი ლარის ღირებულების 7 ათას ერთეულზე მეტი ტექნიკის შესყიდვა მოხდა ფერმერების მიერ და სახელმწიფო თანადაფინანსება 120 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერას მიმდინარე წელსაც. კონკრეტულად, ეს ახალი პროგრამა გულისხმობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ვისაც აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მცირე სიმძლავრის ტექნიკის, ე.წ. მოტობლოკების თანადაფინანსებას, თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ღირებულების 70%-ს და სიმძლავრეების მიხედვით, 1200 ლარიდან 2500 ლარამდე იქნება სახელმწიფოს თანადაფინანსება აღნიშნული ტექნიკის შეძენისთვის.

 

ასევე, ძალიან მალე, აპრილში გამოცხადდება განაცხადების მიღება მოსავლის ამღებ ტექნიკაზე. წლებია ჩვენ ამ მიმართულებით ვეხმარებით ფერმერებს. ამ ნაწილში 10 მილიონი ლარია გამოყოფილი წელს ბიუჯეტით და ჩვენ 30%-იანი თანადაფინანსებით დავეხმარებით ფერმერებს. ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსების მოცულობა იქნება არაუმეტეს 150 ათასი ლარისა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსხვავებით წინა წლებისგან, მიმდინარე წელს დაფინანსდება ყურძნის ამღები ტექნიკაც“, - განაცხადა შამუგიამ.

ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო ფერმერებს ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მაქსიმუმ 100 ათას ლარიან სესხს, ხოლო თხილის მსხვილ მწარმოებლებს 300 ათასი ლარის ოდენობის სესხს დაუფინანსებს.

"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებებია. ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლიანი კულტურების მოყვანით, მივცემთ საშუალებას აიღონ სესხი. ეს სესხი იქნება კულტურების მოსაყვანად, საბრუნავი სახსრების სახით და დავუფინანსებთ ერთი წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს, სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100 ათასი ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარში დავუდგეთ ფერმერებს ამ ნაწილში, ერთწლიანი კულტურების მოვლა - მოყვანაში საჭირო ხარჯების დაფინანსებაში. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა გაითვალისწინებს თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის მხარდაჭერასაც. იცით, რომ ვეხმარებით ფერმერებს სუბსიდიის სახით ერთ ჰექტარზე 500 ლარით, ვისაც აქვს, არაუმეტეს, 3 ჰექტრის ოდენობის თხილის ბაღი, ეს პროგრამა კი გაითვალისწინებს უფრო დიდი ფართობების მქონე ფერმერებისთვის მხარდაჭერას, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების სახით და აქ სესხის მაქსიმალური ლიმიტი იქნება 300 ათასი ლარი ერთ ბენეფიციარზე“,- განაცხადა შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში