სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა, გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების შემცირება არ არის - ივანე ჩხაიძე

03 აპრილი 2024, 12:10 479 ნახვა

სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა - მოლოდინი გვქონდა, რომ გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, ასეთი შემცირება არ არის,- ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სეზონური ვირუსების ცირკულაციის პიკი გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება.

"სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა. ნათელია, რომ მიუხედავად გაზაფხულის პერიოდისა, როდესაც მოლოდინი გვქონდა, რომ გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, ასეთი შემცირება არ არის. გრიპი კვლავ რჩება ერთ-ერთი წამყვან ვირუსად. წინა კვირებთან შედარებით განსხვავებაა ის, რომ მკვეთრი სიჭარბე არ აღინიშნება. პიკი ნამდვილად გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება. მნიშვნელოვნად არის შემცირებული მძიმე შემთხვევების რაოდენობა, პრაქტიკულად განახევრდა. ქვეყანაში, მაინც მაღალია მიმართვიანობა მწვავე რესპირაციული ვირუსების თვალსაზრისით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებშიც მაღალია მიმართვიანობა. საავადმყოფოებში, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ განცხადებით, საკმაოდ მოიმატა ბავშვებში ყივანახველის როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა.

"საკმაოდ მოიმატა, როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა. ყივანახველისთვის დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება. ყივანახველაზე მიუთითებს ხველა 2 კვირიდან 2 თვის განმავლობაში, ამასთან, პარალელურად დამაკმაყოფილებელი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს სიცხე არ აქვს, აქტიურია“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში