ბათუმში, მეშვიდე საბავშვო ბაღთან მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ

03 აპრილი 2024, 15:05 1455 ნახვა

ბათუმში, მეშვიდე საბავშვო ბაღთან მშობლები აქციას მართავენ.

ამბობენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულებაში ორი პედაგოგის დაბრუნება იგეგმება, რომლებიც წარსულში ბავშვებზე ძალადობაში იყვნენ მხილებული. ისინი აღსაზრდელებზე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ. ახლა კი დღის წესრიგში მათი დაბრუნება დადგა, რასაც ეწინააღმდეგებიან.

მათივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გასულ წელს საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში საჩივარიც შეიტანეს, რის საფუძველზეც მოხდა მათი გათავისუფლება.

მშობლების ინფორმაციით, გათავისუფლებული პედაგოგები შემდეგ სხვა სააღმზრდელო დაწესებულებაში მუშაობდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მეშვიდე საბავშვო ბაღის გამგემ კომენტარი არ გააკეთა და განმარტა, რომ საკითხს ბაღების გაერთიანება წყვეტს.

მოგვიანებით მშობლებმა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების შენობაში გადაინაცვლეს და გაერთიანების დირექტორს შეხვდნენ.

უწყებაში მშობლებს დაუდასტურეს, რომ ნოემბერში აღნიშნული თანამშრომლების გადაყვანა სხვა ბაღში ნამდვილად მოხდა, მიზეზი კი არა ძალადობა, არამედ კოლეგებთან კონფლიქტური ურთიერთობა იყო.

ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საკითხის განხილვა უწყებაში გრძელდება, რის  შემდეგაც გადაწყდება დაბრუნდებიან თუ არა პედაგოგები მეშვიდე საბავშვო ბაღში.

გაერთიანებაში იმასაც ამბობენ, რომ მათთან მშობლების მხრიდან ოფიციალური საჩივარი ან ძალადობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია არ ფიქსირდება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში