"სილქნეტის" კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევისა და მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

04 აპრილი 2024, 10:40 472 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს.

"კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა.

ბრალდებული კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით დაეუფლა აღნიშნული კომპანიის 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტსივრცეში რეალიზაციას“, - აცხადებენ შსს-ში.

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში