ჩვენს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება, ხელმისაწვდომ პირობებში დაუჭიროს მხარი ეროვნულ ნაკრებს - ლევან დავითაშვილი

08 აპრილი 2024, 14:21 438 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, გერმანიაში „ევრო 2024“-ზე ეროვნული ნაკრების პირველ თამაშს ხელმისაწვდომ პირობებში დაესწრონ.

"დღეს მივიღეთ დავალება პრემიერ-მინისტრისგან და ჩვენი უწყებები უკვე მუშაობენ. ვერ გეტყვით, როგორი იქნება ფორმა ამ მხარდაჭერის, თუმცა ამოცანა გასაგებია და ეს ამოცანა ძალიან ლოგიკურია. ჩვენს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ხელმისაწვდომ პირობებში მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს, რასაც დიდხანს ველოდებოდით. ეს დავალება უნდა შევასრულოთ მაქსიმალურად ეფექტიანად, ხოლო როგორი იქნება მხარდაჭერის ფორმა, ამაზე მოგვიწევს რამდენიმე დღე მუშაობა. ამ კვირის განმავლობაში დავამუშავებთ პრემიერის დავალების შესაბამისად საკითხს და საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, დაიწყოს მუშაობა დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით დამატებით პირდაპირ ავიარეისებზე. როგორც პრემიერმა აღნიშნა,  მნიშვნელოვანია, ბილეთის ფასი იყოს ფიქსირებული და დაბალი ტარიფით.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისს იწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრები კი პირველ თამაშს დორტმუნდში 18 ივნისს თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში