სიახლე ძალაში რამდენიმე დღეში შევა, მანამდე კი არცერთი ონკოლოგიური პაციენტისთვის, პრობლემა არ იქნება პროგრამული მედიკამენტების მიღება - მიხეილ სარჯველაძე

10 აპრილი 2024, 22:02 561 ნახვა

უახლოეს მომავალში, რამდენიმე დღეში, შესაბამისი ნორმატიული აქტი ამოქმედდება და სიახლე ძალაში შევა. მანამდე კი, არც ერთი ონკოლოგიური პაციენტისთვის პრობლემა არ იქნება პროგრამული მედიკამენტების მიღება. თუ ვინმეს, მსგავს საკითხთან დაკავშირებით ექნება კითხვა, მზად ვართ, სრული მომსახურება გავუწიოთ და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პროგრამული ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცვლილების მიხედვით, აღნიშნული პრეპარატები 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი და პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით მკურნალობის სრული კურსი, ლიმიტის გარეშე დაფინანსდება.

მიხეილ სარჯველაძემ სახლის მიზნებზეც ისაუბრა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უწყებამ, გადაწყვეტილება პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

„ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბევრი პაციენტისთვის, ეს იყო ობიექტურად შემაფერხებელი ფაქტორი, გარკვეულ დაფინანსების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ჰქონდა ალტერნატიული შესაძლებლობები, კონკრეტული ფორმით დაკმაყოფილებულიყო მათი მოთხოვნები, ბევრი პაციენტისთვის ეს იყო შემაწუხებელი, მათ შორის – ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან მედიკამენტების ღირებულება გამოსულიყო. ხმამაღლა ვიტყვი, რომ პრაქტიკულად, არცერთი პაციენტისთვის 25 000 ლარიანი ლიმიტი არსებობა, მკურნალობასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, დაბრკოლება არ გახდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, პროგრამული მედიკამენტების მარაგებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებზე არანაირი დეფიციტი არ არსებობს და ამ საკითხთან დაკავშირებით, ხშირად არასწორი, გაზვიადებული ინფორმაცია ვრცელდება.

„იმ მედიკამენტებზე, რაც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული, არავითარი დეფიციტი არ არსებობს. სამინისტრო განაგრძობს მუშაობას, რომ დეფიციტი, მომავალშიც არ შეიქმნას. უწყება ინფორმირებულია და მუშაობს იმ ნაკლოვანებებზე, რაც შესაძლოა, კომუნიკაციის თვალსაზრისით, ლოჯისტიკის კუთხით არსებობდეს. ლოჯისტიკაში ვგულისხმობ მარაგებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად გავრცელებასა და მიწოდებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში