პროკურატურამ ბრალი წარუდგინა კაცს, რომელმაც შუახევში ცოლი მოკლა 

11 აპრილი 2024, 14:30 504 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, შუახევის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მისი მეუღლის ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მის ღირსებას, გენდერის ნიშნით დაზარალებულს ბასრი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

გარდაცვლილი ქალის ცხედარი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნენიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საავადმყოფოში დააკავეს. დაკავებამდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში