საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები შეარჩია

12 აპრილი 2024, 10:13 383 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს ხელმძღვანელის პოსტზე - გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო ცესკო-ს ე.წ. პროფესიული წევრობის თანამდებობაზე მაია ზარიძის, გიორგი შარაბიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები წარედგინება. ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება. საარჩევნო კანონმდებლობისა და პარლამენტის რეგლამენტის ახალი წესის თანახმად, კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

მანამდე კი, საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა.ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი პარლამენტში მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა. მმართველი უმრავლესობის ინიციატივით საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელებამდე, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტი აცხადებდა.

პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. კანდიდატები   5 წლის ვადით იქნებიან არჩეული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში