ისრაელმა ირანის მიერ გაშვებული რაკეტების 99% ჩამოაგდო - ჰაგარი

14 აპრილი 2024, 14:01 405 ნახვა

უპრეცენდენტო იერიში ისრაელზე - შეტევა ერთდროულად განხორციელდა ირანიდან, ლიბანიდან, იემენიდან, სირიიდან  და ერაყიდან. ახლა ისრაელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება როგორი იქნება მისი საპასუხო რეაქცია. 

ისრაელი იერიშს მომზადებული შეხვდა, რაც იმაში გამოიხატა, რომ 331 გაშვებული დრონიდან და რაკეტიდან, მხოლოდ 7 ჩამოვარდა ისრაელის ტერიტორიაზე. დანარჩენი კი ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევამდე გააუნებელყვეს. მათ შორის ბალისტიკური რაკეტები.  ისრაელის სამხედრო სარდლობაში და აღნიშნავენ, რომ შეიარაღებული ძალები სრულად ფუნქციონირებენ.    

სატელევიზიო ბრიფინგზე,  მთავარმა სამხედრო სპიკერმა კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ  ირანის ქმედებებს "ძალიან სერიოზული"  უწოდა და თქვა, რომ იგი   რეგიონს ესკალაციისკენ უბიძგებს.  ეს ირანის  პირველი  პირდაპირი თავდასხმაა ისრაელზე, რომელიც დამასკოში ირანის საელჩოს დაბომბვის საპასუხოდ განახორციელა.    

იორდანიამ, რომელიც  ირანსა და ისრაელს შორის მდებარეობს, საკუთარი  საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა ნებისმიერი რაკეტისა და დრონის გასანეიტრალებლად, რომელიც  მის ტერიტორიაზე შეიჭრებოდა. აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები ერაყ-სირიის სასაზღვრო ზონაში ისრაელის მიმართულებით  გასროლილი დრონების  ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ - იტყობინება ისრაელის სატელევიზიო არხი 12. 

რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე რამდენიმე ავიაკომპანიამ, მათ შორის რუსულმა აეროფლოტმა, ქუვეითის ავიახაზებმა,  აშშ-სა და ავსტრალიის ავიახაზებმა  ან გააუქმეს ან შეაჩერეს ფრენები.

ისრაელის აეროპორტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მისი საჰაერო სივრცე დილის 7:30 საათიდან ისევ გაიხსნა და აღნიშნა, რომ თელ-ავივიდან ფრენების განრიგი სავარაუდოდ შეიცვლება და მგზავრებს  მოუწოდა დააზუსტონ ავიარეისის შესრულების დრო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში