საპროტესტო აქციები უცხოურ მედიაში

17 აპრილი 2024, 10:58 470 ნახვა

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს  რამდენიმე ვრცელი რეპორტაჟით ეხმაურება სააგენტო როიტერი. სპეცრაზმმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყო მაშინ, როცა დეპუტატები "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს განიხილავდნენ. ოპოზიცია ამ კანონპროექტს ავტორიტარულად აფასებს - წერს როიტერი.

ბრიტანული სააგენტო თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებს ავრცელებს და წერს, რომ   სპეცრაზმელები დარბევის დროს  წიხლებით ურტყამდნენ მომიტინგეებს. როიტერის თანახმად, პოლიციამ  მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდა და მათ დასაშლელად გამოიყენა წიწაკის სპრეი.  როიტერი განმარტავს, რომ სადავო კანონპროექტი იმ  ორგანიზაციებისგან, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ, უცხოური გავლენის აგენტებად უნდა  დარეგისტრირდნენ. სააგენტო ვარაუდობს, რომ კანონპროექტს პარლამენტი  მიიღებს, რომელსაც  მმართველი პარტია ქართული ოცნება და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ.

ოპონენტები ამბობენ, რომ კანონმდებლობა დააზარალებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. დაახლოებით 10 ათასზე მომიტინგე შეიკრიბა პარლამენტის წინ,  წინა დღესთან შედარებით უფრო მეტი, რათა დაეგმო კანონპროექტი, რომელიც  პარლამენტის კომიტეტმა ორშაბათს დაამტკიცა.კრიტიკოსები პარალელს ავლებენ რუსულ კანონთან, რომელსაც კრემლი  განსხვავებული აზრის დასაძლევად იყენებს. კანონპროექტი პარლამენტში სამი მოსმენით უნდა მიიღონ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მეოთხე კენჭისყრაც გაიმართება, რათა გადალახოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო, რომელიც ქართული ოცნების კრიტიკოსია და  კანონპროექტს წინააღმდეგ გამოდის.  მისი უფლებამოსილება ძირითადად წარმომადგენლობითია - წერს როიტერი და აღნიშნავს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას  უარი თქვას ამ  კანონპროექტზე.

საქართველოს მთავრობა, რომელსაც ადანაშაულებენ ავტორიტარიზმსა და პრორუსულ მისწრაფებებში, ამბობს, რომ კანონი საჭიროა გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და უცხოელთა მიერ თავსმოხვეული  ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში