ყოველწლიურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა - შსს მინისტრი

19 აპრილი 2024, 14:03 426 ნახვა

სამინისტროს პოლიტიკა განსაკუთრებით მკაცრია ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებთან მიმართებით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, აღნიშნულს ადასტურებს, მათ შორის, 2021 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც გამკაცრდა კანონით დადგენილი სასჯელის ზომა ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მიმართ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყოველწლიურად იზრდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს  კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ  2020 წელს ბრალი წარედგინა 71 ნარკორეალიზატორს; 2021 წელს – 136 ნარკორეალიზატორს; 2022 წელს – 202 ნარკორეალიზატორს; 2023 წელს – 284 ნარკორეალიზატორს.

მისივე თქმით, ასევე, გაზრდილია ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი, კერძოდ, 2020 წელს გამოვლინდა 3 452 ნარკოტიკული დანაშაული;  2021 წელს – 3 873 დანაშაული;  2022 წელს – 5 471 დანაშაული; 2023 წელს – 6 594 დანაშაული.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციამ 2023 წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან ამოიღო: 84 კილოგრამი ჰეროინი; 20 კილოგრამი ალფა პვპ;  9 500 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი;  2,5 კილოგრამი კოკაინი; ოთხი კილოგრამი მეფედრონი;  2.5 კილოგრამი მდმა;  304 კილოგრამი მარიხუანა; ოთხ ტონამდე მცენარე კანაფი;  13 კილოგრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები; 3 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა  სიტყვით გამოსვლისას  არასამთავრობო ორგანიზაციების იმ მოთხოვნაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ნარკოტიკული დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს მიერ ლიბერალური პოლიტიკის გატარებას გულისხმობდა.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს მათი მხრიდან წარდგენილი არაერთი საკონსტიტუციო სარჩელიც, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. აღნიშნულის შედეგად, საკანონმდებლო დონეზე ლიბერალური მიდგომები დამკვიდრდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მიმართ, განსაკუთრებით, მცენარე კანაფის/მარიხუანის მოხმარებისა და უკანონო ბრუნვის მიმართ, მაგალითად, აიკრძალა 70 გრამამდე გამომშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისთვის პატიმრობის გამოყენება, აგრეთვე, 151 გრამამდე მცენარე კანაფის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისთვის პატიმრობის გამოყენება. მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის, ასევე ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის და შეძენა-შენახვისათვის აიკრძალა როგორც სისხლის სამართლის წესით, ასევე ადმინისტრაციული წესით პატიმრობის გამოყენება.

კერძო სივრცეში მარიხუანის მოხმარება გახდა ლეგალური, რაც სამინისტროს მარიხუანას მოხმარების შემცირების მიზნით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას უსპობს. მარიხუანას მოხმარება სანქცირებას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და სხვა სპეციფიკურ გარემოებებში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, გაგრძელდება მუშაობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება ნარკოტიკების მავნე შედეგებთან დაკავშირებით.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში