სტატისტიკის ყოფილ შენობაში შესახლებულების პროტესტი

22 აპრილი 2024, 14:29 493 ნახვა

ქობულეთში სტატისტიკის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  თავისუფლების 19 ნომერში მცხოვრები 12 ოჯახი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში  დამხმარე ნაგებობების დემონტაჟს აპროტესტებს. აქ მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ  აღნიშნული სამუშაოები, მათი ამ შენობიდან გასახლების შემდგომი პროცესის ნაწილია. იყო ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება. 

პროტესტის დროს ერთი-ერთი პირი შეუძლოდ გახდა, იგი ტერიტორიის ამჟამინდელ წარმომადგენელს დაუპირისპირდა. როგორც ცნობილია, ყოფილი სტატისტიკის შენობა-ნაგებობა და  ეზო ქობულეთის ბაზრის ყოფილ დირექტორს და საკრებულოს ყოფილ  წევრს მალხაზ რომანაძეს ეკუთვნოდა, მან შენობა აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან შეიძინა. 

ამჟამად  ქონებას რომანაძის ოჯახის წევრები განკარგავენ, რომლებიც ამბობენ, რომ შენობაში შესახლებულებს არ ემუქრებათ გამოსახლება და ეზოში დამხმარე ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოები საკანალიზაციო სისტემის განახლებას  და ეზოს კეთილმოწყობას უკავშირდება.

მოსახლეობა ამბობს, რომ შენობაში  წყალი ჩადის, ისინი ქობულეთის მერიას რეაბილიტაციის პირობას კიდევ ერთხელ ახსენებენ და დახმარებას ითხოვენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში