ახალი გზა დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს ამ მონაკვეთზე მგზავრობის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - პრემიერი

26 აპრილი 2024, 14:24 391 ნახვა

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ჰქვია საუკუნის პროექტი, ეს არის რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. ამ მშენებლობის მორიგი ეტაპი ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა, რისი მომსწრეც ვართ ჩვენ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ ამ მონაკვეთზე გაიჭრა 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი, ჩატარდა ძალიან დიდი, მასშტაბური სამუშაოები.

„როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის 27 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი სტუმრები უკვე სარგებლობენ და რაც სერიოზულად ამცირებს მგზავრობის დროს. დღეს იხსნება ზესტაფონის შემოვლითი 9 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი გზა. მხოლოდ ამ მონაკვეთზე გაიჭრა 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი, ჩატარდა ძალიან დიდი, მასშტაბური სამუშაოები.

მთლიანობაში ეს არის ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და რომელიც დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მხოლოდ ამ მონაკვეთზე მგზავრობის დროს, შესაბამისად, ამ სიკეთით ისარგებლებენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა და სტუმრები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში