ვენეციის კომისიაში აცხადებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე დასკვნას პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებენ

02 მაისი 2024, 15:51 444 ნახვა

ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს.

ვენეციის კომისიის განცხადების თანახმად, ვენეციის კომისიის დელეგაცია ატარებს ონლაინ შეხვედრების სერიას საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან, დაჩქარებული დასკვნის მომზადების კონტექსტში.

მოსაზრება მზადდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე.

„ვენეციის კომისიის დელეგაცია ორშაბათს, 2024 წლის 29 აპრილს შეხვდა სახალხო დამცველს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიასაშუალებებისა და მაუწყებლების წარმომადგენლებს. დელეგაცია 2024 წლის 2 მაისს პარლამენტში გეგმავს ონლაინ შეხვედრას საპარლამენტო ფრაქციებთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან დისკუსიების გასაგრძელებლად. დასკვნა გამოიცემა გადაუდებელი პროცედურით ვენეციის კომისიის რეგლამენტის მე-14 ა მუხლის შესაბამისად და გამოქვეყნდება უახლოეს კვირებში, რათა პარლამენტისთვის შესაძლებელი გახდეს მისი განხილვა კანონის მიღებამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში