სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დავით ქაცარავას მიმართ სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

14 მაისი 2024, 22:06 439 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 14 მაისს, სამართალდამცველების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყების საფუძველი დავით ქაცარავას მეუღლის მიერ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინება გახდა, სადაც მან განაცხადა, რომ მის მეუღლეს დაკავებისას სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარი ფაქტის შესასწავლად ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულის შემცველ ყველა შეტყობინებაზე ატარებს ყოველმხრივ გამოძიებას, მიმდინარეობს მოწმეთა და განმცხადებელთა გამოკითხვა, მონაწილე პირების იდენტიფიცირება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ტარდება სასამართლო-სამედიცინო და სხვა რელევანტური ექსპერტიზები, მიმდინარეობს კერძო და საჯარო დაწესებულებებიდან ვიდეო კამერის ჩანაწერების ამოღება და მათი დეტალური შესწავლა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში