მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება - მეუფე შიო

17 მაისი 2024, 13:51 349 ნახვა

მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია წარმოქმნას ადამიანებში თანხმობისა და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა, - ამის შესახებ მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ქადაგებაზე განაცხადა.

მისივე განხცადებით, დღეს, როცა მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა ოჯახური ღირებულებების უფრო აქტიური მხარდაჭერა.

"საუკუნეების განმავლობაში ოჯახი ყოველთვის სიწმინდედ ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში, მაგრამ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა ოჯახური ღირებულებების უფრო აქტიური მხარდაჭერა და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის.

 

ადამიანი ღმერთმა დასაბამიდანვე შექმნა, როგორც ოჯახი, ამდენად ოჯახი არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც თავად ღვთისაგან მოგვეცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ოჯახს სიწმინდეს. როგორც იცით, ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად. წმინდა მამების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ოჯახი არის ყოვლადწმინდა სამების ხატების ერთ-ერთი გამოვლინება ადამიანში. როგორც ღმერთს აქვს ერთი ბუნება და სამი ჰიპოსტასი, ასევე ოჯახსაც აქვს სამი ჰიპოსტასი – მამაკაცის ჰიპოსტასი, ქალის ჰიპოსტასი და ბავშვის ჰიპოსტასი, ადამიანი მოწოდებულია, ყოვლადწმინდა სამების მსგავსად იცხოვროს სიყვარულში. ოჯახში უკავშირდება ერთმანეთს სხვადასხვა თაობა. უფროსი თაობისგან უმცროს თაობას გადაეცემა სულიერი და კულტურული გამოცდილება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე განცხადებით, „გამჭვირვალობის კანონის“ როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები და მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. 

„ჩვენ დიდი გულისტკივილით ვადევნებდით თვალყურს იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. ამ კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები და მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო. ხშირად ვფიქრობთ როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ, დიდი დაპირისპირება. ამაზე გვპასუხობენ ჩვენ ასევე ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები.

 

კერძოდ, ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია დაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია წარმოქმნას ადამიანებში თანხმობისა და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა. როდესაც არის სიყვარული, მაშინ მოქმედებს ღვთის მადლიც და ნებისმიერი უთანხმოების დაძლევა შეიძლება მშვიდობიანად. როდესაც არ არის სიყვარული მაშინ, არც ღვთის შეწევნა არის და პატარა მიზეზმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი მტრობა და დაპირისპირება. ამიტომ აქვს სიყვარულს გადამწყვეტი მნიშვნელობა და სიყვარულის უმთავრესი სკოლა გახლავთ ოჯახი. ოჯახში უნდა სწავლობდეს ადამიანი სიყვარულს, იზრდებოდეს სიყვარულში, რაც არის ჩვენი სულის გადარჩენის უმთავრესი პირობა. სწორედ ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ოჯახურ ღირებულებებს და ვიცავთ მის სიწმინდეს. სწორედ ეს არის ჩვენი შეკრებისა და ლოცვითი მსვლელობის მიზანი“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, როდესაც არ არის სიყვარული, მაშინ არც ღვთის შეწევნა არის და პატარა მიზეზმაც შეიძლება გამოიწვიოს დიდი მტრობა და დაპირისპირება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში