„ვბრუნდებით აუდიტორიებში, მაგრამ აუდიტორიებში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ გაფიცვამ შედეგებს ვერ მიაღწია და ბრძოლა ჩერდება" - სტუდენტური მოძრაობა

22 მაისი 2024, 09:59 441 ნახვა

„ ვბრუნდებით აუდიტორიებში, - მაგრამ აუდიტორიებში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ გაფიცვამ შედეგებს ვერ მიაღწია, რომ ვნებდებით და ბრძოლა ჩერდება. პირიქით, ჩვენ არა მარტო ქუჩიდან, პირველ რიგში, აუდიტორიებიდან ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის“ - ეს განცხადება ბათუმელი სტუდენტების მოძრაობა „ მარტიანელებმა“ გაავრცელეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპული მომავლისკენ სწრაფვა და ბრძოლა ყოველდღიურობაში გადაინაცვლებს.

"ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური მოძრაობის ერთობლივი განცხადება.

გაფიცვა პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა და არა - ერთადერთი. სტუდენტები საერთო სახალხო პროტესტს ამ ფორმით შევუერთდით და ბოიკოტის რეჟიმში გავაგრძელეთ პროტესტი - აუდიტორიების მიღმა, ქუჩაში. ვთვლით, რომ ამ კონკრეტულ მომენტში გაფიცვა ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ეს ისტორია დაწერილია!

უნივერსიტეტს, ხელისუფლებასა და რუსული კანონის, ანუ საქართველოში ანტიევროპული კურსის მომხრეებს, ვაჩვენეთ, თუ ვისია ძალა, თუ ვისია უნივერსიტეტიც და ქვეყანაც. შედეგიც შესაბამისი იყო - ცარიელი აუდიტორიები და სავსე ქუჩები.

გაფიცვამ რამდენიმე შედეგი გამოიღო:

1. აჩვენა, რომ პოლიტიკა და განათლება ერთმანეთისგან არ იმიჯნება და ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ორმაგი სტანდარტია განათლების სფეროში;

2. ნათლად აჩვენა მთელ საქართველოს, რომ სტუდენტები ევროპას ირჩევენ და არა - რუსეთს. ნათლად აჩვენა ისიც, რომ ხელისუფლება სტუდენტების მოთხოვნებს არ პასუხობს;

3. აჩვენა, რომ სტუდენტები მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რაც დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ნაწილია და ამის ჩახშობას მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს;

4. გამოჩნდა, რომ საზოგადოების ნაწილს ზუსტი პოზიცია არ აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მოქალაქეთა პოლიტიკური განათლებისთვის ჩვენგან მეტი ძალისხმევაა საჭირო.

ვფიქრობთ, დღეს სხვა ბერკეტების, გამოხატვის სხვა ფორმების გამოყენებაა საჭირო, რათა კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის მძიმე სიტუაცია, რაც ქვეყანაშია შექმნილი. საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის დიდი საფრთხე, რის წინაშეც ჩვენი სამშობლო დგას და რას შეიძლება შეგვაჯახოს ხელისუფლების ანტიევროპულმა, ანუ რუსულმა, პოლიტიკამ.

ვბრუნდებით აუდიტორიებში, - მაგრამ აუდიტორიებში დაბრუნება არ ნიშნავს, რომ გაფიცვამ შედეგებს ვერ მიაღწია, რომ ვნებდებით და ბრძოლა ჩერდება. პირიქით, ჩვენ არა მარტო ქუჩიდან, პირველ რიგში, აუდიტორიებიდან ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ბრძოლა გაგრძელდება დერეფნებში, ფეხბურთის მოედანზე თუ მეგობართან ერთად კაფეში ყოფნისას. იმ ყოველდღიური დისკუსიებით, რომელთა დანიშნულებაც ჩვენი მეგობრებისთვის, ნათესავებისთვის თუ უცხო ადამიანებისთვის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ახსნა-განმარტება იქნება. ამ ბრძოლაში ყველას შეგვიძლია მცირე, მაგრამ საერთო შედეგისთვის აუცილებელი წვლილის შეტანა. ძალა ერთობაშია"- აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში