პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,  სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ საქმეზე ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო

22 მაისი 2024, 16:45 413 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერი ქურდების“ დავალებით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრები ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქ. თბილისში, ერთ-ერთი ,,ქურდული სამყაროს“ წევრის საცხოვრებელ სახლში სისტემატიურად აწყობდნენ ე.წ. ,,ქურდულ გარჩევებს“, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, მათ ქმედებებს აფასებდნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და მათ შორის პირებს თანხის გადახდას აკისრებდნენ.

"პროკურატურამ ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), ხუთ ბრალდებულს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), ერთ პირს - სსკ-ის 223’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და ერთ ბრალდებულს - სსკ-ის 223’’’’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვა) წარუდგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულ 2 პირს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულთაგან 3 პირს სასჯელის სახით 9 წლით, ხოლო 2 პირს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ასევე, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებულ 2 პირს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს"- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში