ირაკლი კობახიძესთან საუბრისას სლოვაკეთის ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ - ოლივერ ვარჰეი

24 მაისი 2024, 01:33 388 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაკეთებულ განცხადებაზე, მინდა, გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი, – ამის შესახებ აღნიშნულია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებაში.

„როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი ევროკომისარი, რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემს პორტფელში შემავალ ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური მოსაზრებების გაცვლისთვის.

საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, დიდი ძალისხმევა ჩავდე, რათა საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობას უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირისკენ გზას.

რადგანაც კარგად ვარ გათვითცნობიერებული ქართული საზოგადოების ძალიან მძაფრი პროევროპული განწყობების შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე, რომ პრემიერის ყურადღება მიმეპყრო ამ კანონის მიღებით ისედაც მყიფე ვითარების არგამწვავების მნიშვნელობაზე, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ისედაც მძიმე სიტუაციის გამწვავება, შემდგომი პოლარიზაცია და შესაძლო უკონტროლო სიტუაციები თბილისის ქუჩებში. ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.

კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არამედ ისე იყო წარმოდგენილი საზოგადოებისთვის, რომ ამას შეეძლო, გამოეწვია ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველად განსაზღვრული მიზნის სრულიად არასწორად ინტერპრეტაცია.

კვლავ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, არ მიიღოს ეს კანონი. ამას ვითხოვ, როგორც საქართველოს კარგად ნაცნობი და ამ დრომდე პატივცემული მეგობარი. ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც განაგრძობენ ევროპული მომავლისთვის მუშაობას“, – განაცხადა ვარჰეიმ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში