საბაჟო გამშვები პუნქტზე „სადახლო“ სომხეთის მხარეს არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დროებით შეჩერებულია მუშაობა - შემოსავლების სამსახური

26 მაისი 2024, 21:40 607 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უხვი ნალექის შედეგად, საქართველოს საზღვართან 3 კილომეტრში ადიდებულმა მდინარე „დებედამ“ დააზიანა სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი, რის გამოც, სრულად შეჩერებულია საბაჟო გამშვები პუნქტი „ბაგრატაშენის“ მუშაობა.

„შესაბამისად, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეწყვეტილია. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.ორივე ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაცია მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან და სრულად აკონტროლებენ არსებულ ვითარებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო ტვირთბრუნვის განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილები გადამისამართებული არიან,საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე შემდეგ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - „ნინოწმინდა“ და „გუგუთი“.

ამასთან, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი "სადახლო სარკინიგზოს" მიმდებარე ტერიტორია.

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტი კოორდინირებულად მუშაობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტები - „სადახლო საავტომობილო“ და „სადახლო სარკინიგზო“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებენ მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში