საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას - შემოსავლების სამსახური

27 მაისი 2024, 13:11 442 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

„შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ, დააზიანა სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი (საქართველოს საზღვრიდან სამ კილომეტრში), რის გამოც, სრულად შეჩერებული იყო, სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი „ბაგრატაშენის“ მუშაობის პროცესი. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე მიმდინარე აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, სომხეთის მხარის ინიციატივით, საზღვრის მკვეთი პირებისთვის სგპ. „ბაგრატაშენის“ მიმართულებით, დროებით შეთავაზებული იქნა ალტერნატიული, შემოვლითი საავტომობილო გზა, რათა მოხდეს მგზავრთა/ტვირთნაკადის დროული გატარება.

აქვე შეგახსენებთ, რომ კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე „დებედამ“ დატბორა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო სარკინიგზოს“ მიმდებარე ტერიტორია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას“,- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში