არასამთავრობო ორგანიზაციები ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო და ევროპული სასამართლოებისთვის - საია

30 მაისი 2024, 14:56 383 ნახვა

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვამზადებთ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად, პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, – ამის შესახებ საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მესამე სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, მათი საკონსტიტუციო სარჩელის დეტალები მოგვიანებით გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. ამისათვის, ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება.

თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ერთადერთ გზად ჩვენი სამართლებრივი ბრძოლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიულ სამართლებრივ მექანიზმს. პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას შეუძლია, ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში