დროა ღაზაში ომი დასრულდეს - ჯო ბაიდენმა ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა

01 ივნისი 2024, 10:22 380 ნახვა

დროა ღაზაში ომი დასრულდეს, - ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა და ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს არის შეთანხმება, „რომელიც ყველა მძევალს სახლში დააბრუნებს, უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას, შექმნის უკეთეს დღეს ღაზაში „ჰამასის“ გარეშე და შექმნის საფუძველს პოლიტიკური მოგვარებისთვის, რომელიც უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ისრაელელებისთვისაც და პალესტინელებისთვისაც“.

„ისრაელმა ახლა წარადგინა ყოვლისმომცველი ახალი წინადადება. ეს არის გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა მძევლის გათავისუფლების საგზაო რუკა. ეს წინადადება ყატარმა „ჰამასს“ გადასცა. ეს ახალი წინადადება სამი ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი გაგრძელდება ექვსი კვირის განმავლობაში. ის მოიცავს ცეცხლის სრულ შეწყვეტას, ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზის დასახლებული ზონებიდან, მძევლების გათავისუფლებას ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამ პირობების, საბოლოოდ, შეთანხმების შემდეგ, შეიძლება დაიწყოს მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას, მათ შორის, ჯარისკაცების. აღნიშნული ეტაპი, ასევე, ითვალისწინებს ისრაელის ჯარების ღაზის სექტორიდან გაყვანას.

ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიდრე „ჰამასი“ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ცეცხლის დროებითი შეწყვეტა მუდმივი გახდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში