პროკურატურამ 3 მილიონ ლარზე მეტი გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ყოფილ დირექტორს ბრალდება წარუდგინა

07 ივნისი 2024, 14:38 308 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის, კერძოდ 3 მილიონ ლარზე მეტის გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, კერძოდ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, შემოსავლებს სისტემატურად არასწორად ადეკლარირებდა, რის შედეგადაც, მან 2014-2018 წლებში, თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადს, ჯამში 3 098 967 ლარს.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში