ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დასახელდა

13 ივნისი 2024, 14:10 1654 ნახვა

ევროპაში პრესტიჟულმა სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations-მა ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დაასახელა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ გზამკვლევში ბათუმი მონაკოს, ნიცას, პარიზის, მილანისა და 10-მდე ევროპული ქალაქის გვერდითაა წარმოდგენილი.

„თქვენ მუდმივად გაინტერესებთ, რომელია შემდეგი მოდური მიმართულება ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტირებისთვის, მეორე სახლის შესაძენად, IT ან ტურისტული კომპანიის დასაარსებლად- პასუხი არის ბათუმი, - ასე იწყებს European Best Destinations-ი ბათუმზე საუბარს.

European Best Destinations-მა 2024 წლის საინვესტიციო მიმართულებები ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებთ დაასახელა, როგორებიცაა საგადასახადო შეღავათები, კვადრატულ მეტრის ღირებულება, მზიანი დღეები რაოდენობა; უნივერსიტეტთან, აეროპორტებთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე, მწვანე ფართების რაოდენობა კვადრატულ მეტრზე, სამეწარმეო თავისუფლებისა და ბედნიერების ინდექსები.

„აჭარის რეგიონი ინვესტორების მოსაზიდად მრავალ საგადასახადო შეღავათს გთავაზობთ. კერძოდ, ის უზრუნველყოფს ინვესტორების უფლებას, დაიბრუნონ შემოსავალი გადასახადების დაფარვის შემდგომ, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის კეთების სრულ თავისუფლებას. ამას ემატება ძალიან დაბალი საგადასახადო განაკვეთი, ბიზნესის რეგისტრაცია ერთ დღეში და ინვესტიციის მაღალი ანაზღაურება (10-13% უძრავი ქონების და ტურისტული ინდუსტრიის ინვესტიციებისთვის),“- ნათქვამია სტატიაში.

European Best Destinations  ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations.com, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ორგანიზაციის რეიტინგებში ბათუმი არაერთხელ მოხვედრილა.
 
ბათუმის ბიზნეს გარემოზე საუბრისას სამოგზაურო პორტალი უძრავი ქონების ფასებს, კომპანიების დაბეგვრის სისტემასა და ქონების გადასახადებს ეხება.

„ბათუმში ბიზნესის დაწყება ისეთივე მარტივია, როგორც კარის გაღება. არანაირი ფორმალობა, არანაირი ადმინისტრაციული დოკუმენტაცია. უძრავი ქონების ფასი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია ევროპაში, 1000 ევრო კვადრატულ მეტრზე, ცენტრალურ უბანში, ცხოვრების ღირებულებისა და ევროპაში დანაშაულის ძალიან დაბალ მაჩვენებელთან ერთად (ბათუმში 25%, რაც ორჯერ ნაკლებია ვიდრე ლონდონის 63%). ფიზიკური პირებისთვის ან კომპანიებისთვის არსებობს მარტივი კანონი, ქონების გადასახადზე კომპანიების დაბეგვრა ხდება 1%-იანი განაკვეთით, ხოლო ხშირ შემთხვევაში ქონების გადასახადი შეადგენს საბაზრო ღირებულების 0,05-დან 0,2%-მდე"- აღნიშნულია სტატიაში.

 
European Best Destinations  აქტიურად თანამშრომლობს ევროკომიისის მიერ აღიარებულ EDEN - ის ქსელის წევრ ტურისტულ მიმართულებებთან (EDEN Network - ტურისტული მიმართულებების  ევროპული კავშირი, რომელშიც 90 ევროპული მიმართულება ევროკომისიის მიერ ტურისტული სერვისებისა და გარემოს პატივისცემის საფუძველზეა შერჩეული) და მსოფლიოს მასშტაბით 500-ზე მეტ ტურიზმის ორგანიზაციასთან. სამოგზაურო პორტალის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებსა და გზამკვლევებს ტრადიციულად ისეთი პრესტიჟული მედიაგამოცემები აშუქებენ, როგორებიცაა Forbes, Conde Nast Traveller, Wanderlust  და სხვები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში