პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება - ადმინისტრაცია

13 ივნისი 2024, 16:10 362 ნახვა

პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება, - ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე.

"არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე გამოსცემს დაჯილდოების აქტს. ასე მოხდა ამჯერადაც, 2024 წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები (n:23/05/02 და n:23/05/01), რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. მაისის ბოლოს ორბელიანების სასახლეში იგეგმებოდა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის გამართვა, რაც ეროვნული ნაკრების წევრების საქართველოში არყოფნის გამო ვერ მოხერხდა.

ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება. სწორედ ამ დროისათვის, საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ჯილდოებს გადასცემს ნაკრების წევრებს და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში