ჩვენ გვყავს საამაყო ფეხბურთელები, მინდა, მათ გამარჯვებები ვუსურვო და რაც მთავარია, ჯგუფიდან გასვლა - პრემიერი

17 ივნისი 2024, 11:24 380 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას უსურვებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს საამაყო ფეხბურთელები ჰყავს.

„ხვალ საქართველოს ნაკრები იწყებს ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე. ეს არის დღე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ველოდით მრავალი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო მძაფრად ბოლო სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის საგზური. პირველად ისტორიაში ხვალ ევროპის ჩემპიონატზე უმაღლესი რანგის საფეხბურთო ტურნირზე აღიმართება საქართველოს დროშა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. ეს ყველაფერი წარმოუდგენელი ემოციაა თითოეული ჩვენგანისთვის, გულშემატკივრისთვის, თითოეული ქართველისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 000-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება თითოეულ მატჩს, ამაში მოკრძალებული წვლილი ჩვენც შევიტანეთ ფრენების სუბსიდირებით. მოხარული ვარ, რომ დიდი წარმატებით განხორციელდა ეს პროექტი, 195 ევრო იყო ბილეთის საფასური, რამაც ჩვენს გულშემატკივრებს გაუმარტივათ გერმანიაში მოგზაურობა და თამაშებზე დასწრება.

წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს. დარწმუნებული ვარ, ისეთივე თავდადებით ითამაშებენ ევროპის ჩემპიონატზე, როგორი თავდადებითაც მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური. ჩვენ გვყავს საამაყო ფეხბურთელები და მინდა, მათ გამარჯვებები ვუსურვო, რაც მთავარია, ჯგუფიდან გასვლა. დარწმუნებული ვართ, მათი ჟინით, ისინი აუცილებლად შეძლებენ და მიაღწევენ ამ მნიშვნელოვან წარმატებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში