კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საქართველოში განსაზღვრული სახეობის არმატურის სავარაუდო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით შესწავლა დაიწყო

18 ივნისი 2024, 12:04 380 ნახვა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) „საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის“ განცხადების დასაშვებად ცნობისა და ანტიდემპინგური შესწავლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციაში და ირანში წარმოშობილი ფოლადისგან წარმოებული არმატურისა და გლინულის სავარაუდო დემპინგურ იმპორტს, რომელიც შესაძლოა საქართველოს ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს აყენებდეს.

„განცხადების დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, ირანიდან იმპორტირებული პროდუქტის სავარაუდო დემპინგური ზღვარი 21%-ით, ხოლო რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის სავარაუდო დემპინგური ზღვარი 5%-ით განისაზღვრა. GCCA-ს მიერ დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ გათვალისწინებულ პერიოდში ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან პროდუქციის იმპორტის, როგორც რაოდენობრივი, ასევე ღირებულებითი მოცულობა მზარდი ტრენდით ხასიათდება.

2021-2023 წლების პერიოდში, საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის წილი 4%-დან 42%-მდე, ხოლო ირანის შემთხვევაში, 12%-დან 30%-მდე არის გაზრდილი. ერთეულის ფასი (აშშ დოლარი/ტონა) ირანიდან იმპორტის შემთხვევაში თანაბრად კლებადია, ხოლო რუსეთის შემთხვევაში 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მზარდია, 2023 წელს კი 2022 და 2021 წელთან შედარებით - კლებადი.

2023 წელს, ირანიდან იმპორტირებული არმატურა შეადგენდა 60,291 ტონას, 34.6 მლნ აშშ დოლარს, ხოლო 1 ტონა არმატურის საშუალო შეწონილი ფასი 574 აშშ დოლარს. რუსეთიდან იმპორტირებული შეადგენდა 86,117 ტონას, 50.5 მლნ აშშ დოლარს, ხოლო 1 ტონა არმატურის საშუალო შეწონილი ფასი 586 აშშ დოლარს. GCCA-ს, საკითხის შესწავლის ფარგლებში, მთავრობისთვის შესაბამისი დასკვნის წარდგენისთვის 12 თვე აქვს, ეს ვადა შეიძლება 6 თვით გაგრძელდეს. დემპინგის დადგენის და ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის დადასტურების შემთხვევაში GCCA-ს დასკვნის საფუძველზე მთავრობას შეუძლია შემოიღოს სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი 5 წლის ვადით.

ინფორმაციისთვის: ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით, სააგენტომ დაასრულა 2 საქმე - სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტების სავარაუდო დემპინგური ფასის შესახებ და 3 ადგილობრივი ინდუსტრიის სექტორული მონიტორინგი - სასურსათო, სასუქების და სამშენებლო სექტორში“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში