პროკურატურა ვარკეთილში მომხდარ ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულებს ბრალდებას დაუმძიმებს

22 ივნისი 2024, 10:53 362 ნახვა

ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულ სამ პირს ბრალდება დაუმძიმდებათ. ამის შესახებ, ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივნისს თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს. დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული დაზიანებების შედეგად 21 ივნისს გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 15 ივნისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად) წარედგინათ და, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სამივე დაკავებულს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში