პირველი აგვისტოდან აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

22 ივნისი 2024, 12:38 354 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ახალი წესები ამოქმედდება. ამის შესახებ, ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ, ცოფის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, ძაღლების გაყვანის მოქმედი რეგულაციები პერიოდულად იცვლება.

„მიღებული ახალი წესების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ვეტერინარულ სერტიფიკატთან ერთად, სავალდებულოა, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ შემუშავებული სპეციალური სასერტიფიკატო ფორმის შევსება.

აღნიშნული სერტიფიკატის ფორმას ავსებს სახელმწიფო ვეტერინარი, რაც დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ბეჭდით.

CDC-ის სერტიფიკატისთვის სავალდებულო ინფორმაცია მოიცავს: მფლობელის ან ძაღლის გადამყვანის, ასევე მიმღების სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერსა და ელფოსტას; ცხოველის სახელს, ჯიშს, სქესს, ფერს ან/და რაიმე დამახასიათებელი ნიშანს; დაბადების თარიღს; ISO-ს შესაბამისი მიკროჩიპის ნომერს და მიკროჩიპის იმპლანტაციის თარიღს; ინფორმაციას ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ (ვაქცინის დასახელება, მწარმოებელი, ლოტის (სერიის) ნომერი და ვარგისიანობის ვადა, ვაქცინაციის თარიღი, მომდევნო ვაქცინაციის თარიღი); სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ელექტრონული ხელმოწერით ან სველი ბეჭდით დამოწმებულ ცოფის სეროლოგიური კვლევის შედეგებს (სეროლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს ცოფის ვაქცინაციიდან 30 დღის შემდეგ, ცხოველის გაყვანა საზღვარზე შესაძლებელია ლაბორატორიული დასკვნის მიღებიდან 45 დღის შემდეგ), რომელიც ჩატარდა CDC-ის მიერ აღიარებულ ლაბორატორიაში; ვეტერინარის მიერ ძაღლის ფიზიკური დათვალიერების შესახებ აქტის შევსებასა და ხელმოწერილ დასტურს.

ზემოაღნიშნული პირობების შეუსრულებლობა შესაძლოა გახდეს ძაღლის უკან გამობრუნების ან აშშ-ში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი (მფლობელის ან იმპორტიორის ხარჯზე).

სერტიფიკატის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://nfa.gov.ge/Ge/Files/Download/6061“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში