ბევრი მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ბუდუს დავაწყებინე ძირითადში თამაში, ახლა კი პირიქით ხდება - სანიოლი

25 ივნისი 2024, 17:25 504 ნახვა

6-7 თვის წინ ბევრი მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ბუდუს დავაწყებინე ძირითადში თამაში. ახლა კი ყველაფერი პირიქით ხდება - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ვილი სანიოლმა გერმანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"თქვენ იცით, რომ ზივზივაძე გუნდის ნაწილია, მან ითამაშა თურქეთთან რამდენიმე წუთი. ხვალინდელზე ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ თქვით, რომ ეს ძალიან პოლიტიკური გახდა. მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, რადგან მე მსურს მართებული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ფეხბურთის ფაქტებზე დაფუძნებით.

 

ეს სასაცილოა, რადგან მახსოვს, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი მაყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ბუდუ ვათამაშე.  ახლა ყოველდღე შეურაცხყოფას მაყენებს ზოგიერთი ბრიყვი საფეხბურთო მიზეზების გარეშე და ამას ვერ მივიღებ. მე ვარ ფეხბურთის მწვრთნელი და ეს ყველასთვის ნათელია, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა. უკაცრავად ასეთი ტონისთვის, მაგრამ რამდენიმე დღეა, ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ“, - აცხადებს სანიოლი.

მისივე თქმით, თუ მცირე შანსი მაინც იქნება, კიტეიშვილი პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩში ითამაშებს.

"კიტეიშვილის თამაშს რაც შეეხება, პირველ ორ მატჩში ფორმაში არ იყო, მაგრამ ახლა მზად იქნება. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ. პორტუგალია ძლიერი გუნდია და თუ მცირე შანსი მაინც იქნება, მას გამოვიყენებთ. აქ ყოფნაც დიდი გამარჯვებაა. ვინმეს რომ ეთქვა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვექნებოდა, ვერ დავიჯერებდი“, - განაცხადა სანიოლმა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება. 2 მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრები 1 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში