ეს არის არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება - პრემიერი

28 ივნისი 2024, 12:35 387 ნახვა

პარლამენტში პრემიერის მოსმენა დაიწყო. 

მოხსენების დაწყებამდე პრემიერმა ქართველი ფეხბურთელების წარმატებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატება.

"შეუძლებელია, ჩემი გამოსვლა არ დავიწყო ფეხბურთით, დღევანდელი დღეები ეძღვნება თავიდან ბოლომდე ფეხბურთს, ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, რომელიც არის არა მხოლოდ ფეხბურთის წარმატება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატება...

 

მინდა მივულოცო ყველას, მივულოცო სრულიად საქართველოს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრებს. თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული. შეუძლებელია, გამოყო რომელიმე მათგანი. თითოეულმა მათგანმა სული და გული ჩადო იმისათვის, რომ ჩვენ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. მადლობა მათ იმისთვის, რომ ეს ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარული გვაჩუქეს და განგვაცდევინეს ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს. ასევე, ქართველ გულშემატკივარს და აღნიშნა, რომ გულშემატკივრის როლი საქართველოს ნაკრების წარმატებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

ირაკლი კობახიძემ ფეხბურთელების წახალისებისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა .

„მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება და მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ შემთხვევაშიც გამოავლინა განსაკუთრებული ქველმოქმედება, ესეც ქველმოქმედების ერთგვარი გამოვლინებაა. მადლობა მას იმ წახალისებისთვის, რომელიც გამოამჟღავნა მან საფეხბურთო ნაკრების მიმართ და რა თქმა უნდა, ესეც ზრდის ჩვენს შანსებს, მათ შორის, ესპანეთთან თამაშში, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ  ფეხბურთელზე პოლიტიკური წნეხის განხორციელების მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია.

პრემიერმა შედარებისთვის წინა ხელისუფლების პრაქტიკა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი მოედანზე გუნდის დაყენებაშიც კი ერეოდა, რაც მიუღებელია.

„მინდა გავიხსენო ძველი პრაქტიკა შედარებისთვის, რადგან ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ხოლმე, საქმე სხვანაირად წარმოაჩინონ. მახსენდება მოვლენები წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის არჩეული პრეზიდენტი მეორე დილას გადადგა. ასეთი ამბები ხდებოდა მაშინ ქართულ ფეხბურთში. მახსოვს მაშინდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც დღეს პარლამენტის წევრიც არის ოპოზიციიდან, როგორ შევარდა ფეხბურთის მოედანზე...

 

მაშინ გუბერნატორი იყო ეს ადამიანი. მახსენდება ნორჩი დინამოელის უნიკალური საფეხბურთო ბაზის გასხვისება თბილისში, ასევე ბათუმის სტადიონის დანგრევა. წლების მანძილზე ბათუმი - ეს საფეხბურთო ქალაქი დარჩენილი იყო სტადიონის გარეშე. მახსოვს შემთხვევები, როდესაც შემადგენლობის დაყენებაში პირდაპირ ერეოდნენ მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები, იყო გარკვეული სპეკულაციები, ამ დღეებში თქვენ მოისმინეთ სამარცხვინო სპეკულაციები კონკრეტულ ფეხბურთელთან დაკავშირებით. ესეც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ესეც ერთგვარი წნეხია ფეხბურთელზე.

 

ფეხბურთელი თავიდან ბოლომდე დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკური კონტექსტისგან და თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული უნდა იყოს თამაშზე. როდესაც ასეთ დროს არის მცდელობა, ფეხბურთელზე განხორციელდეს პოლიტიკური წნეხი, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. თავის დროზე იყო ასეთი შემთხვევები, როდესაც გუნდის დაყენებაში ერეოდა პირდაპირ პოლიტიკა, მაშინდელი მმართველი პარტია და როგორი იყო ფეხბურთის შედეგები, ეს ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც ჩვენს ნაკრებში იყვნენ ღირსეული და ძალიან წარმატებული ფეხბურთელები, ფეხბურთი ვერ აღწევდა წარმატებას გამომდინარე იქიდან, რომ მიდგომები იყო განსხვავებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში