ივლისიდან საშუალოდ 500 ლარით იზრდება სკოლების მასწავლებლების, ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები - პრემიერი

28 ივნისი 2024, 13:51 299 ნახვა

ზუსტად ისევე, როგორც ეკონომიკაზე ითქმის, განათლებაზეც შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც ძლიერია განათლების სისტემა, იმდენად ძლიერია სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სფეროს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საფუძვლებს დაეფუძნა, ესენია: პატრიოტიზმი, ეროვნული ფასეულობები, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა და უნივერსალური ღირებულებები.

„თებერვალში წარდგენილი განახლებული გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს 250 სკოლის, 6 პროფესიული სასწავლებლის და 2 სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საფუძვლებს დაეფუძნა: პატრიოტიზმი, ეროვნული ფასეულობები, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა, უნივერსალური ღირებულებები. ეროვნული სასწავლო გეგმა, სწორედ, ამ საფუძვლებსა და ღირებულებებს, პრინციპებს უნდა დაეფუძნოს და გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესწავლილ იქნა არსებული სასკოლო სახელმძღვანელოები და ამ მიმართულებითაც მომავალი წლების განმავლობაში ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდება, რათა მაქსიმალურად იყოს მორგებული სახელმძღვანელოები სახელმწიფო ინტერესებზე, მოსწავლის განვითარების ინტერესებზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ივლისიდან საშუალოდ, 500 ლარით იზრდება სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები და, საბოლოო ჯამში, ხელფასების მატებაც უნდა აისახოს სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო სკოლის მასწავლებლების ხელფასების მატება. 1 ივლისიდან საშუალოდ 500 ლარით იზრდება სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები: დაახლოებით, 70 პროცენტს ანაზღაურება სულ მცირე 500 ლარით, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას კი 800 ლარზე მეტით გაეზრდება.

მასწავლებლების, დაახლოებით, 25 პროცენტს ანაზღაურება სულ მცირე 300 ლარით მოემატება და მასწავლებლების დაახლოებით ხუთ პროცენტს ანაზღაურება მოემატება, სულ მცირე, 200 ლარით. საბოლოო ჯამში, ხელფასების მატებაც უნდა აისახოს სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 500-მდე პროექტი, მათ შორის – 60-მდე ფესტივალი, 50 საიუბილეო ღონისძიება, 50 წიგნის თარგმნა-გამოცემის პროექტი, სხვა პროფესიული კონკურსები თუ ღონისძიებები. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო აგრძელებს კულტურისა და შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობას ღია კონკურსის წესით ათამდე პრიორიტეტული მიმართულებით.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში