ევრო 2024-ის მერვედფინალზე გამგზავრების საშუალება დამატებით 1 200-მდე ქომაგს მიეცა

29 ივნისი 2024, 18:47 439 ნახვა

ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ საქართველოდან გერმანიის მიმართულებით, მთავრობის მიერ სუბსიდირებული რეისით, ქომაგების პირველი ნაკადი ჩაფრინდა. სპეციალურმა ჩარტერულმა რეისმა კიოლნში 219 ქომაგი ჩაიყვანა.

29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, შვიდი ჩარტერი დაინიშნა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს, ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩვენ ნაკრებს წარმატება ვუსურვო ესპანეთთან მერვედფინალურ თამაშში. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჯგუფური ეტაპის პერიოდში 30-მდე ჩარტერი დააორგანიზა და საშუალება მისცა 6 000-მდე გულშეკატკივარს, ჩვენი ნაკრების თამაშებს დასწრებოდა, მიეღო საოცარი ემოცია და ერთად გვეზეიმა გამარჯვება. "ფლეი ოფზე" კი შვიდი ჩარტერის დანიშვნა მოხერხდა. რამაც მერვედფინალურ მატჩზე გამგზავრების საშუალება დამატებით 1 200-მდე მგზავრს მისცა. მნიშვნელოვანია, რომ ჩარტერულ რეისებს ასრულებენ ქართული ავიაკომპანიები“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

კიოლნიდან დასაბრუნებელი ბილეთების ყიდვა tkg.ge-ს პლატფორმაზეა შესაძლებელი. თბილისიდან გასაფრენი ბილეთები კი, უკვე, სრულად ამოიწურა. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულებაა 195 ევროს, შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 390 ევროს შეადგენს.

სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პორტალზე TKT.GE. საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00
29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00
30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30
1 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 08:20

1 ივლისი კიოლნი -თბილისი, გაფრენა 20:00
2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 15:00
2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 08:10

გამფრენი მგზავრები რეგისტრაციაზე, შესაბამის აეროპორტებში, სამი საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის, ჯამში, 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში