ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

10 ივლისი 2024, 11:51 388 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.

"მემორანდუმით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიების, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი. ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უკვე დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც აღიარებულია ირლანდიის მიერ მართვის მოწმობის გადაცვლის მიზნებისთვის (https://www.rsa.ie/services/licensed-drivers/driving-licence/exchange-foreign-licence). აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ირლანდიის მიერ აღიარებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ირლანდიაში (წელიწადში არანაკლებ 185 დღე) შეუძლიათ გადაცვალონ მართვის მოწმობები ონლაინ განაცხადის საფუძველზე ან ეროვნული მართვის მოწმობის სამსახურში (NDLS)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში