საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ISO 9001:2015 სერტიფიკატი მეხუთედ მოიპოვა

10 ივლისი 2024, 13:49 327 ნახვა
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ISO-ს საერთაშორისო სტანდარტის განახლებული ვერსიის მოთხოვნების მიხედვით, გერმანული კომპანიის TÜV NORD CERT GmbH მიერ ჩატარებული აუდიტი წარმატებით გაიარა და ISO 9001:2015 სერტიფიკატი მეხუთედ მოიპოვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, აუდიტმა სტანდარტით გათვალისწინებული ყველა პუნქტი მოიცვა და სრული მოცულობით შემოწმდა სააგენტოში მოქმედი პროცესები.

მათივე ინფორმაციით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, სააგენტო ერთ-ერთი პირველი საჯარო სამსახურია საქართველოში, სადაც ხარისხის მართვის სისტემა დაინერგა და წარმატებით გავლილი აუდიტების შედეგად დღეს უკვე ISO 9001:2015 განახლებულ სერტიფიკატს ფლობს. მისი თქმით, ISO სერტიფიკატი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ სააგენტო ყველა რესურსს და საშუალებას იყენებს, რათა უზრუნველყოს უწყვეტი, სისტემური და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მომსახურებების გაწევა საზღვაო სფეროში.

„სააგენტო ასევე მონიტორინგს უწევს საზღვაო სექტორში დასაქმებულ კერძო სექტორს, მათ შორის, საკრუინგო კომპანიებს, საკლასიფიკაციო საზოგადოებებს, სამედიცინო და საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი დაწესებულებებს. ხარისხის მართვის სისტემა ამ ორგანიზაციებშიცაა დანერგილი, რაც აზღვევს რისკებს და მათ სერვისს მომხმარებელზე ორიენტირებულს ხდის. ამდენად, ჯამში, ეს პროცესი მთლიანად საზღვაო დარგის განვითარებაზე აისახება“, - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საზღვაო სექტორში სისტემური რეფორმები 2012 წლიდან დაიწყო. მათ შორის, დაინერგა ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემა, რის გამოც დღეს საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ე.წ. „თეთრ სიაში“ ირიცხება და საქართველოს მიერ გაცემული სერტიფიკატებით მსოფლიოს 74 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეიძლება დასაქმება. ამ წლებში სრულიად შეიცვალა საკანონმდებლო ბაზა, რომლის საფუძველზეც მეზღვაურის პროფესია განისაზღვრა რეგულირებად პროფესიად.

„სააგენტო, როგორც დარგის მარეგულირებელი ორგანო, მონაწილეობს საზღვაო სასწავლებლების ავტორიზაციაში, ისე პროგრამების აკრედიტაციაში, ახორციელებს საწვრთნელი და სასწავლო პროგრამების დამოუკიდებელ აღიარებას და მონიტორინგს უწევს მეზღვაურთა საწვრთნელ პროცესს. ასევე, სრულიად განახლდა მეზღვაურთა სერტიფიკატები და სასერტიფიკაციო პროცესი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სადამკვირვებლო აუდიტს 2012 წლიდან ყოველწლიურად გადის, ხოლო ყოველ 3 წელიწადში სასერტიფიკაციო აუდიტს და აახლებს ხარისხის სერტიფიკატს“,- აღნიშულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში