ოთარ შამუგიამ ქედაში კალმახის საინკუბაციო საამქრო დაათვალიერა

11 ივლისი 2024, 10:30 539 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად, ქედაში, სოფელ წონიარისში მდებარე კალმახის საინკუბაციო საამქროში იმყოფებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საამქრო ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯს“ ეკუთვნის.

„საქართველოს აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევიწყოთ ხელი ამ პროცესს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა; პირველ რიგში, ეს იყო კანონის მიღება, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა; განვახორციელეთ არაერთი რეფორმა და რეგულაცია, რომლის შედეგადაც, დღისათვის, შეფერხებების გარეშე შეგვიძლია გავიტანოთ შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე.

ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს, შემუშავებული გვაქვს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აკვაკულტურის განვითარების შესახებ, სადაც გაწერილია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რა ქმედებები და ღონისძიებები უნდა გატარდეს, რაც გავაცანით დარგის წარმომადგენლებს და ასოციაციებს და ველოდებით მათგან ქმედით წინადადებებს. სახელმწიფო მზადაა, მეწარმეებს მხარი დავუჭიროთ, რომ მომავალში ქვეყანაში წარმოება გაიზარდოს და სტანდარტები ევროპული მოთხოვნის შესაბამისი გახდეს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში