პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირეს

11 ივლისი 2024, 14:24 454 ნახვა
 
 

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი ინიცირებულია. ამნისტიის პროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ამნისტია 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს შეეხება.

"მინდა, საზოგადოებს განვუცხადო, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა დაბალანსებული „ამნისტიის პროექტი“, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება და იმავდროულად:

 

აზღვევს რეციდივის რისკებს, ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს; შეესაბამება საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს; თანხვედრაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან;  ჰქმნის რესოციალიზაციის ხელმშემწყობ პირობებს.

 

ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.

 

პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება; სასჯელის ½ შემცირება; სასჯელის ¼ შემცირება; სასჯელის 1/6 შემცირება; და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

 

აღსანიშნავია, რომ ამნისტიის პროექტით სიახლის სახით არის გათვალისწინებული 1/6-ით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა წრეს, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით მაქსიმალურად დაიცავს დაზარალებულთა ინტერესებს", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მისივე განმარტებით, ამნისტია არ შეეხებათ მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

"ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით. რაც შეეხება კანონის მიღების ვადებს, მისი პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მიზანია, პროცესი იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე, შესაბამისად, კანონის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში. თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ, მცირე სახის ცვლილებები საკომიტეტო მოსმენების დროს გავიზიაროთ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში